პროკურატურის საქმიანობა

საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

  • კანონიერება;
  • ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;
  • პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
  • ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
  • ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი დაქვემდებარება;
  • პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;
  • ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
  • სისხლისსამართლებრივი დევნა;
  • სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
  • თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების დაკავება, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ან აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს;
  • სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა, როგორც მხარე - სახელმწიფო ბრალდება;
  • დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;
  • უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემა და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემა;
  • "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.